თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგთა VII საერთაშორისო კონგრესი „კავკასია - ინტერდისციპლინური კვლევები - ენები, ხალხები, კულტურა, გენეტიკური კვლევები“ გაიხსნა.
კონგრესის მიზანია: გამოკვეთოს კავკასიის რეგიონის ენებისა და ხალხების კულტურულ-ცივილიზაციური კონტექსტი ისტორიულ ჭრილში ინტერდისციპლინური კვლევების შედეგების საფუძველზე; განსაზღვროს კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები; შეიმუშაოს გამოწვევათა გადასაჭრელად გასატარებელი აქტივობების სამეცნიერო საფუძვლები; განსაზღვროს კავკასიის ლინგვოკულტურული და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობები.
კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კავკასიის ენათა სიცოცხლისუნარიანობისა და ფუნქციონირების საკითხებს; ასევე კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგიის საკითხებს, გენეტიკური კვლევების შედეგებს და ამ კვლევათა მიმართებას არქეოლოგიური და ლინგვისტური კვლევების შედეგებთან.
კონგრესზე იმუშავებს 9 სექცია 25 და 26 სექტემბერს. კონგრესის ორგანიზატორები არიან თსუ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონგრესის სექციებისა და პლენარული სხდომის მუშაობას უმასპინძლებს 26 სექტემბერს.
კონგრესში მონაწილეობენ კავკასიოლოგები საერთაშორისო კვლევითი და სასწავლო ცენტრებიდან. კონგრესში მონაწილეობენ ჩრდილოკავკასიელი კოლეგები. კონგრესის სამუშაო გეგმით დაიბეჭდა კონგრესის პროგრამა და მასალები, ასევე სხვა პუბლიკაციები.